ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკანონმდებლო განხილვა უმრავლესობაში პოზიციების შეჯერების შემდეგ განახლდება

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის შემდგომი საკანონმდებლო განხილვა აღარ განახლდება მანამ, სანამ უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია არ იქნება ჩამოყალიბებული.

ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მეცნიერებათა აკადემიაში  ნარკოპოლიტიკის თემაზე გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

 "იურიდიულ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე არ მოხდება კანონპროექტის განხილვა, სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება. უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, შეჯერდება და ამის შემდეგ განახლდება საკანონმდებლო პროცესი",-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით,  მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კანონპროექტში საშიში აქცენტებია გაკეთებული

მისივე შეფასებით, არსებობს საშიშროება, რომ სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან, გარკვეული რისკების პრევენციისთვის. 

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები. იგი ფიქრობს, რომ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს:

"განვიხილეთ დაწვრილებით კანონპროექტი და აღმოვაჩინეთ ძალიან საშიში აქცენტები. ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელი განეკუთვნება ნარკორეალიზატორებს. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, არ არის საუბარი საზოგადოევრივი აზრის შექნაზე, რომ ნეგატიური მხარეები გამოჩნდეს ნარკოტიკების მოხმარებისა, არ არის საუბარი ცნობიერების ამაღლებაზე  ახალგაზრდებში. მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად  პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაა, ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან იშვიათად რადიკალურ შემთხვევაში შეიძლება იყოს, ვწუხვართ ყველას გამო, ვინც სასჯელს იხდის, მაგრამ მიგვაჩნია, თუ გავათავისუფლებთ ციხიდან და ის აღმოჩნდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ბევრი ვერაფერი შეღავათია. საჭიროა მათი დახმარება. საჭირო სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები.

შეიძლება ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე, ან ტრანზიტით გატანა  გავრცელება ისჯებოდეს 100 ლარით? ან შეიძლება არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200 ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი?

ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს. სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. როგორიც არ უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრებზე გათვლა, ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელის შემცირება საშიშია.

ეკლესია ცდილობს, მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი წაახალისებს და არის საშიშროება, რომ  შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან გარკვეული რისკების პრევენციისთვის",-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი აღნიშნა, რომ საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოზიციების შეჯერება შესაძლებელია.

ის მიესალმა გადაწყვეტილებას, რომ სანამ ძირითად საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება, კანონპროექტის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ გაგრძელდება.

"იყო ნათქვამი, რომ პარლამენტში განხილვები შეჩერდება მანამ, სანამ არ იქნება უმრავლესობაში მიღწეული შეთანხმება და არ შეჯერდება საზოგადოებრივი აზრი მთავარ საკითხებზე. არაფერი პირი არ უჩანს, რომ საპატრიარქოს და უმრავლესობის პოზიციების შეჯერება არ მოხდება",-აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაფართოებულ შეხვედრაზე  პოზიცია დააფიქსირა მამა დავით ისაკაძემაც. იგი  ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან  ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის  საფრთხეებს ხედავს: "სასულიერო პირები ვართ და ყველაზე კარგად ვიცით, რამდენი გაუბედურებული მოდის ჩვენთან, რამდენ ადამიანს ვეხმარებით. არ შევუწყოთ ხელი, რომ მაღაზიაში იყიდებოდეს ნარკოტიკი, როგორც  ეს კალიფორნიაში მიიღეს.ასი და ორასი ადამიანის გადასაწყვეტი არაა ეს საკითხი.ჩემი შვილები- მრევლი  რომ გაუბედურდება ამაზე თქვენ აგებთ პასუხს? ვინ აგებს ამაზე პასუხს?!",-განაცხადა მამა დავით ისაკაძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას მან არ გამორიცხა, რომ  კანონპროექტთან დაკავშირებით აქციები გაიმართოს:

"ეს არის დანაშაული, რომელიც უამრავ ადამიანს დაღუპავს სულიერად და ფიზიკურად და არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს კანონპროექტი მიუღებელია. უნდა გაიწვიონ ეს კანონპროექტი და უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაჭერას კი არა, არამედ დახმარებას. ხოლო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა",-აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და კრიმინალი გაიზრდება.

"ამ მასშტაბის კანონპროექტი სისტემურად უნდა იქნას განხილული. უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული პირველ რიგში კომიტეტში, უმრავლესობაში, მნიშვნელოვანია სამთავრობო პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება ამ საკითხში. ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა გავავრცელოთ ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში. დოზები უნდა დაზუსტდეს, არ უნდა მოხდეს არასწორი დოზირებით გავრცელების წახალისება, საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური. ამ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები",-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა გელა ლეჟავამაც. მისი განცხადებით,  ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას  თავისი წესი აქვს, რაც გასათვალისწინებელია:

 "არის ასეთი ტოკიოს რეზოლუცია, გაეროში, რომელიც ამბობს, რომ თუ არ გვინდა გაიზარდოს დანაშაული, დეკრიმინალიზაციის დროს შემოღებული უნდა იქნას ადმინისტრაციული სახდელთა კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს დასჯადობის საკითხს. ციხეში არ უნდა ჩასვა, მაგრამ ხშირად უნდა იაროს შემოწმებაზე, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, არის შინა პატიმრობის საკითხი, არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ცხადია მანქანის მოწმობის ჩამორთმევა, ჯარიმებზე აღარ ვსაუბრობ, თან პასპორტის ჩამორთმევაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აი ამით არეგულირებენ დეკრიმინალიზაციას. ცხადია პარარელურად უნდა იყოს სოციალური ჯანდაცვის საკითხების მოგვარება", - განაცხადა გელა ლეჟავამ და დასძინა, რომ  კანონპროექტის  საკანონმდებლო დონეზე ამ სახით განხილვა უნდა შეჩერდეს.

მეცნიერებათა აკადემიაში გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა  მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი ბექა წიქარიშვილი. მან ჟურნალისტებთან  ნაკოპოლიტიკის შესახებ  მიმდინარე მსჯელობა შეაფასა.

როგორც ამბობს,  რჩება შთაბეჭდილება,  სხვადასხვა ჯგუფების მიერ ცალმხრივად და განგებ ხდება ინფორმაციის მიტანა  როგორც საპატრიარქოსთან, ასევე სხვა გავლენის მქონე ისნტიტუტებთან.

მისივე თქმით, საუბარი, თითქოს საზოგადოების ნაწილი კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება:

“ამ ეტაპზე მიჭირს, დავასახელო, თუ ვის ინტერესშია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დეზიფორმაციის შედეგი არის  ის განცხადება, რომ კანონპროექტი უნდა შეჩერდეს, რადგან ეს კანონპროექტი წლებია  უკვე რაც მუშავდება და მასზე მუშაობს უამრავი სამეცნიერო ჯგუფი და მთელი ის 8 პუნქტი, რაზეც საუბარი იყო საპატრიარქოს განცხადებაში, ნამდვილად გაწერილი არის და ითვალისწინებს ეს რეფორმა ამ პუნქტებს. სავარაუდოდ რაღაც ჯგუფები განგებ ახდენენ ამ რეფორის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

აკადემიაში იმყოფებოდა „გირჩის“ წარმომადგენელიც.ნიკა ობოლაძის განცხადებით, უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ უნდა იტანჯებოდნენ და ისჯებოდნენ.

მისივე შეფასებით, ადამიანი, რომელიც მოიხმარს რაღაც ნივთიერებას, დამნაშავე არ არის.

ნიკა ობოლაძე ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარების მომხრეა:

"ამ კონკრეტული კანონპროექტის მიხედვით, ასობით ადამიანი თავისუფლდებოდა საპატიმროდან. "გირჩი" მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს გაათავისუფლებს ციხიდან. ნებისმიერი მცდელობა, რომ  რომ ნარკოლიბერალიზაციის  პროცესი შევაფერხოთ,  მიუღებელია. ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც  ამ რეპრესიული მანქანის მსხვერპლია",-აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

საბოლოო ჯამში, შეხვედრაზე გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის  საპარლამენტო დონეზე განხილვა არ მოხდება მანამდე, სანამ  უმრავლესობაში ერთიანი  პოზიცია არ ჩამოყალიბდება და საზოგადოებრივი აზრი არ შეჯერდება. ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა 2017 წლის 27 დეკემბერს დაიწყო.