ბარათაშვილის ქუჩაზე მინა ჩამოვარდა - დაშავდა 5 და გარდაიცვალა ერთი მოზარდი

ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა და 6 არასრულწლოვანს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მომხდართან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული:

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები - აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება. პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე ერთი მოზარდის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა: "შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ტკივილის გადმოსაცემად".