2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა.

„საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ისტორიული მაქსიმუმია, აქამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს ფიქსირდებოდა და 1 818 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც 44 მლნ აშშ დოლარით (2.4 პროცენტით) აღემატება 2017 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინებები.

„საქსტატის" ცნობით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  497.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 89.1 პროცენტით (234.3 მლნ. აშშ. დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2017 წელს მნიშვნელოვნად 114 პროცენტით (156.9 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ. აშშ. დოლარით) და 304.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.   ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61 პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა აღნიშნულ სექტორებში კი შესაბამისად 159.8 მლნ. აშშ. დოლარი და 90.0 მლნ. აშშ. დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, სამთო მოპოვებით მრეწველობას, დამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკასა და მშენებლობას. რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა  გაიზარდა 39.3 პროცენტით (173.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და 615.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო პოზიტიურ გავლენას განაპირობებს.

ამავე საკითხზე დღეს ბრიფინგზე უწყებაში მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ გამართა და მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა:

მიქაბაძის თქმით, 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

მიქაბაძის განცხადებით, რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

მინისტრის მოადგილემ იმაზეც ისაუბრა, თუ საიდან შემოვიდა ყველაზე მეტია ინვესტიცია. 

"2017 წელს  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო - 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი). 
 „საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (25.9 პროცენტი - 482.1 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი - 279.0 მლნ აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი - 250.4 მლნ აშშ დოლარი). საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოპერირებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად.