სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები მთავრობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მთავრობის სტრუქტურის ცვლილება იგეგმება. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე  უწყება გაერთიანდა,  ზოგიერთმა მინისტრმა კი თანამდებობა ვერ შეინარჩუნა. კერძოდ,  სტრუქტურული ცვლილებები და  საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით მოხდება:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად.

ის ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

 პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 

ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ,  რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

პრემიერი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, აღნიშნულ რეფორმებს მხარი დაუჭიროს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მთავარი არსი სწორედ ეს არის.

„დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით  პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად წარდგება.