პრეზიდენტმა 565 პირს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

მისივე თქმით,  565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

 „ამგვარი პოლიტიკა, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს. ჩვენ ვთლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო დროებით დაშორდნენ სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ ჩვენ კარი უნდა გავუხსნათ. იმედი მაქვს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას არ გააგრძლებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის. “ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა