ელენ პომპეო სატელევიზიო შოუების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია

სერიალ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, მსახიობი ელენ პომპეო სატელევიზიო შოუების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter ავრცელებს, რომლის ახალი ნომრის გარეკანს სწორედ ელენ პომპეო ამშვენებს.  

საინტერესოა, რომ სერიალიდან პატრიკ დემპსის წასვლის შემდეგ, ელენ პომპეოს ჰონორარი მკვეთრად გაიზარდა და ის ყოველ სერიაში 575 ათას ამერიკულ დოლარს იღებს. საერთო ჯამში კი, ბონუსებისა და ჰონორარების ჩათვლით, პომპეო წელიწადში მისი შემოსავალი 20 მილიონი დოლარია. 

თავად 48 წლის მსახიობი  ამბობს, რომ წარმატება მარტივად არ მოსულა და აღნიშნა, რომ ჰოლივუდში კვლავ აქტუალური რჩება გენდერული პრობლემები. მსახიობი იხსენებს თუ როგორ მოითხოვა პატრიკზე მაღალი ანაზღაურება:

"სერიალს „გრეის ანატომია“  ჰქვია, მე მერედიტ გრეი ვარ. შემეძლო წავსულიყავი შოუდან, მაგრამ რატომ? ეს ჩემი შოუა, მე ნომერ პირველი ვარ.  მე ვიგრძენი ის, რასაც მსახიობი ქალების უმეტესობა განიცდის, უნდა წავსულიყავი კაცის გამო. ბოლოს მივხვდი - მე არ მივცემ უფლებას კაცს, ჩემი სახლიდან გამაგდოს"- განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში. 

ელენი ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ფინანსური დამოუკიდებლობა  ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ბოლო დროს ქალებს ხშირად ვხვდებოდი Time's Up-ის კომპანიის ფარგლებში. ჩვენ ერთმანეთს ისტორიებს ვუზიარებდით, ვფიქრობდით, რით შეგვეძლო ცვლილებების ხელშეწყობა და როგორ გამოგვეყენებინა ჩვენი ხმა სხვა ადამიანების დასახმარებლად. ოსკაროსანი მსახიობებით სავსე ოთახში ვიჯექი და ვისმენდი, როგორ ძალადობდნენ და დევნიდნენ მათ. ეს იყო იმის დასტური, რომ მე სწორი გზა ავირჩიე. ფინანსურად მიწაზე მყარად დგომამ საშუალება მომცა, არც მტაცებლებთან მორიგება დამჭირვებოდა და არც ჯილდოების დევნა. შეიძლება, ეს გზა ყველასთვის არ იყოს. ვინც ამას აირჩევს, ბიზნესით უფრო უნდა იყოს დაინტერესებული, ვიდრე ხელოვნებით." -განაცხადა მან. 

"გრეის ანატომია" ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სერიალია ტელევიზიის ისტორიაში. უკვე 14 წელია, მაყურებელი ელენ პომპეოს გმირის, მერედიტ გრეის პერსონაჟის განვითარებას და მის დრამატულ ცხოვრებას თვალს  ადევნებს.