„პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“ - მუსტაფა ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. თუმცა, პროკურორმა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჩაბუქი გასული წლის მაისის შემდეგ უმუშევარია და ოჯახს აღნიშნული ოდენობის თანხა არ გააჩნია. ამის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბუქი საექსტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. 

გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. მანამდე მან მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეტა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგი იყო.

„ყოველთვის ჩემი პროექტები და მოღვაწეობა დადებითად ფასდებოდა მთავრობისგან, განათლების სამინისტროსგან. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერც ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, - განაცხადა ჩაბუქმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.

უცნობია, როდის ჩაინიშნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი.

სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, სხდომაზე უნდა განიხილონ  დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.