ნუ მომკლავ!- მაისის ბოლო დღის ქრონიკა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში.

მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.

აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. მან სასამართლოს შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა და აქციები დააანონსა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა.

ამ ფაქტს, დიდი ხმაური მოყვა სასამართლოში. ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოკლულის მამა ზაზა სარალიძემ სასამართლოს შენობა ყვირილით და ხმაურით დატოვა ის თავის მომხრეებთან ერთად მთავარი პროკურატურის შენობისკენ გაემართა.

 პროკურატურის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ზაზა სარალიძის მოთხოვნას შეუერთდნენ და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს.

შედეგად, რამდენიმე საათში შოთაძე გადადგა. თუმცა, აქცია ამით არ დაშლილა. პირიქით, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა გსაპროტესტებლად.  

აქციის ორგანიატორების გადაწყვეტილებით, აქციამ, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.   

 ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ათიათასობით ადამიანია შეკრებილი. მოთხოვნები უცლელია: დაისაჯონ ხორავას ქუცაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეები.

 ზაზა სარალიძის თქმით, არც ერთი პირი არ არის დასჯილი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

„ჩემო ძმებო და დებო, მე როგორც ვხედავ სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს. არც ერთი პირი არ არის ჯერჯერობთ დაკავებული ჩემი შვილის მკვლელებიდან, ყველა გარეთ არის. საქართველოს დატოვების უფლებაც მისცეს. ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ დგას პროკურატურის უკან?! მე პირადად აქ ვიდგები მანამ, სანამ ჩემი, სამართლიანობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ დაკავებული არ იქნება ყველა ის პირი, ვინც უხეშად ჩაერია ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც უხეშად ჩაერია შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. თითქმის 6 თვეა ამ საქმეს მყარად ვუდგავარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც განვაგრძობ ბრძოლას მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები ყველა სააშკარაოზე არ გამოვა. თავს შევაკლავ და არ მივცემ უფლებას არ პროკურატურას, არც პროკურატურის ზემდგომ ინსტანციებს, რომ ჩემს შვილს სულში ჩააფურთხოს“, - განაცხადა სარალიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ  აქციას შეუერთდნენ ქართველი მორაგბეები, საფეხბურთო კლუბ დინამოს ფეხბურთელები და საზოგადოების სხვადასხვა ცნობილი პირები.

 აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი პარლამენტის სენობის წინ კარვების გაშლას გეგმავენ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი ხალხმრავლობის გამო სრულად გადაიკეტა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმის ავტობუსები დგას.