ინდოეთის პრინცი ლგბტ პირებისთვის თავშესაფარს ააშენებს

ინდოეთის პრინცმა მანვენდრა სინგჰ გოჰილმა სექსუალური უმცირესობებისთვის თავშესაფრის აშენება გადაწყვიტა. 

ლგბტ ცენტრი სასახლეში განთავსდება და მასში იმ  არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს შეიფარებენ, რომლებსაც სამშობლოში ავიწროებენ.

“ამ ადამიანებზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. მათ აიძულებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახლიდან აგდებენ. მათ წასასვლელი არსად აქვთ. მე ბავშვები არ მყავს და არც არასდროს მეყოლება. ამიტომ, სასახლის ტერიტორიის დიდი ნაწილი გამოუყენებელია. ამ ნაწილში აშენდება ცენტრი. ადამიანებს, რომლებიც ამ ცენტრში მიიღებენ თავშესაფარს, ექნებათ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, გაივლიან ინგლისურის კურსებს და სხვადასხვა ტრენინგებს, რაც მათ სამსახურის შოვნაში დაეხმარება,“- განაცხადა პრინცმა. 

საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ პრინცმა  10 წლის წინ საჯაროდ განაცხადა. ამის შემდეგ მან საქველმოქმედო ორგანიზაცია Lakshya Trust დააარსა და ლგბტ პირების უფლებების დამცველი გახდა.

სინგჰ გოჰილი გუჯარათის სამეფო გვარის წარმომადგენელი და ერთადერთი პრინცია.