საკონსტიტუციო სასამართლო: 151 გრამამდე კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც გავრცელების საფრთხეს ქმნის

2017-07-14



საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ვერდიქტის მიხედვით, 151 გრამამდე კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს ქმნის.

მოსამართლეების ვერდიქტის თანახმად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ კანაფის მფლობელს უქმნის საფრთხეს, აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადაოდ გამხდარი ოდენობიდან გამომდინარე საფრთხეები. 265, 49 გრამი და უფრო მეტი რაოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა სასამართლოს გადაწყვეტილებით აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მძიმე დანაშაულებისათვის დაწესებულ სასჯელთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისათვის დაწესებული სასჯელის ზომა - 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მაინც არაპროპორციული სასჯელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადაო ნორმები კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნეს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.