კონსტიტუციის მე-18 და მე-15 მუხლებში ცვლილებები შედის

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით,  დამატებითი განხილვები გაიმართა და გარკვეული ცვლილებებია შემოთავაზებული.

კობახიძის განმარტებით, მე-18 მუხლში  ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის 4 საფუძველი რჩება. ეს არის: სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ასევე, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები.

„მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით შედგა არსებითი განხილვა, ჩვენ შევთავაზეთ მაშინ იუსტიციის სამინისტროს, რომ შემოეთავაზებინა არგუმენტები ამ რედაქციის ცვლილებასთან დაკავშირებით. შედგა განხილვები, გუშინ საღამოსაც შედგა დამატებითი განხილვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და ამის საფუძველზე შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე.პირვანდელი შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროსი იყოს ის, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო სამწვეროვანი ე.წ. ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა  ამით ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელია.ამ დონეზე გაფართოება ჩარევის საფუძვლის მიუღებელია, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე რჩება ცალსახად 4 პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროვებას-ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები“,-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სამართალწარმოების ინტერესიც არის სათანადოდ ასახული რედაქციაში.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ერთიანდება  და შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ, ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგადეობაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით, ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულ სახელმწიფო საიდუმლოებას.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაკონკრტებულია დამატებით სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი.

„ჩვენი ინტერესია,მაღალი სტანდარტით იყოს დაცული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომიბის უფლება“,-აღნიშნა კობახიძემ.

ცვლილებაა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით. მე-15 მუხლიდან მე-4 პუნქტი იქნება ამოღებული და მე-18 მუხლს  მე-3 პუნქტად დაემატება.

„აქედან გამომდინარე, შეიცვლება სათაურებიც, ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება გადმოვა მე-15 მუხლის სათაურიდან (მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებები) მე-18 მუხლის სათაურში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან  დამატებით ისაუბრა შემოთავაზებულ ცვლილებაზე, რომელიც საჯარო ინტერესებს ეხება:

„არგუმენტები არის საჯარო ინტერესების ამოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო ინტერესების შესახებ ჩანაწერი, რა თქმა უნდა,  მაღლა წევს საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის სტანდარტს, თუმცა დაბლა წევს პერსონალური მონაცემების დაცულობის სტანდარტს. საჯარო ინტერესებიც შეიძლება გახდეს ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს.არ არის რეკომენდირებული, ასეთი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ პერსონალური მონაცემების დაცულობა.ეს იყო შენიშვნა, რომელიც გავიზიარეთ“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.