დეკანოზი თამაზ ლომიძე: ე.წ ქართველთა მარშის მონაწილეების აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის

2017-07-17



გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ facebook-ზე ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ დაწერილ მუქარას დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ "ქართველთა მარშში" მონაწილე ადამიანები და მათი აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის. 

„არავითარი სიმპათია არ გამაჩნია “ქართული მარში”-ს მონაწილეების მიმართ. ეს ხალხი, მათი მიზნები და მათი აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის. მათი ნდობა იქნება ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა. არ ვენდობი მათ, რადგან მცნებებს, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებენ – “ქართული”, “ეროვნული”, “ზნეობა” “პატიოსნება” , “ვაჟკაცობა”, “სარწმუნოება” და ასე შემდეგ, თვითონ არ სცემენ პატივს და არც ესმით მათი მნიშვნელობა.

ესაა ყველაზე საშიში ხალხი!

ეს გუშინ, მათი ბელადის და მათი წევრების მიერ ქართველი ქალის მიმართ გადმონთხეულმა წარმოუდგენელმა სიბინძურემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორ შეიძლება ზრდასრული კაცი ასეთი ზნედაცემული იყოს?!

არ ენდოთ არავის, ვინც სიტყვა “ქართულს” და “სარწმუნოებას” ხშირად ახსენებს და ამით სპეკულირებს. მათ საქმეს შეხედეთ მხოლოდ“, - წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.